შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ქედის მუნიციპალიტეტში მოხალისე-მაშველთა ჯგუფები მოამზადა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქედის მუნიციპალიტეტში ასოციაცია შავი ზღვის ეკო აკადემიასა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამთან“ პარტნიორობით, მოხალისე-მაშველეთა ჯგუფების თეორიული და პრაქტიკული სწავლება განახორციელეს. აღნიშნული ღონისძიება პროექტის - „თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში დაიგეგმა და ევროკომისიის დაფინანსებით განხორციელდა.

სწავლების მიზანია, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მოხალისე-მაშველეთა ჯგუფების შექმნა, მათი მხარდაჭერა, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში აქტიური ჩართულობა, რისკების სწორად შეფასება და საგანგებო სიტუაციების დროს პირველადი რეაგირების უნარ-ჩვევების განვითარება. აღნიშნული აქტივობა დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას გაიუმჯობესონ ორგანიზაციული და ტექნიკური უნარები, რათა დაიცვან საცხოვრებელი გარემო ბუნებრივი კატასროფებისაგან.

ღონისძიების ფარგლებში მოხალისე-მაშველებმა ისწავლეს რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილება და დაზარალებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დაგეგმილია აჭარის 3 მუნიციპალიტეტში - ქედა, ხულო, შუახევი. სწავლებებს არ ექნება ერთჯერადი ხასიათი და ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.